შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 მაისს "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული დ. ხ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.