ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დაიხურება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ თავშესაფარს ეტაპობრივად დატოვებენ ბენეფიციარები.
მისივე თქმით, 2022 წლის 1 აპრილიდან კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონის მსგავსი დიდი ინსტიტუციები დაიხურება - გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება - ამბობს თამარ ბარკალაია, მინისტრის მოადგილე.
ბარკალაიას განცხადებით პანსიონში ამჟამად 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
მინისტრის მოადგილისგან განსხვავებით, ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ "დახურვაზე საუბარი არაა".
დღევანდელ შეხვედრას საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ისევ გაურკვეველი დარჩა, ამჯერად მაინც თუ მისცემენ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის უფლებას.