ავარია ასპინძის რაიონში, რომელსაც 66 წლის ქალი ემსხვერპლა - ის სოფელ ტოლოშთან გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. ქალი დაიღუპა და ამიტომ შემთხვევის ერთადერთ მოწმედ მხოლოდ თვითონ საჭესთან მჯდომი მამაკაცი აღმოჩნდა.
შემთხვევას ის ისე აღწერს, რომ ქალის გარდაცვალებაში მთავარი დამნაშავე თავად გარდაცვლილი გამოდის. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ რამდენად სანდოა ეჭვმიტანილის მონათხრობი? ნებისმიერი მძღოლი, რომელსაც ადამიანი შემოაკვდება, ბუნებრივია, შეეცდება საკუთარი თავის გამართლებას და დანაშაულზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ამიტომ ეჭვმიტანილის მონაყოლს საფუძვლიანი გადამოწმება სჭირდება, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, როდესაც არ გყავს მეტი არცერთი მოწმე? ამისთვის არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტი და სწორედ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას მოითხოვს დაღუპულის ოჯახი, მაგრამ პროკურატურისგან გაუგებარ უარს იღებს.
ამ დროს ოჯახს სამართლიანი მოთხოვნა აქვს - ქალს ვეღარ გააცოცხლებენ, მაგრამ უნდათ იცოდნენ: თვითონ იყო ის თუ არა უბედური შემთხვევის მიზეზი. და კიდევ - მაშინვე გარდაიცვალა თუ დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა...
გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი - "სასიკვდილო ავარია მოწმეების გარეშე"