ავსტრალიელი იურისტის, პოლინ დევიდის დასკვნა თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურის პოზიციას თავდაყირა აყენებს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე რამდენიმე თვე მუშაობდა და დაადგინა რომ მათ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფული არ გაუთეთრებიათ.
დოკუმენტში წერია რომ სავარაუდო ქმედება რაშიც ცნობილ ბიზნესმენებს ადანაშაულებენ ფულის გათეთრების დამტკიცების შესაძლებლობას არ იძლევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რაზეც საერთაშორისო ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, საქმის ხანდაზმულობაა.
ხანდაზმულობის ვადისათვის გვერდის ავლა პირისათვის ფულის გათეთრების თაობაზე შეუსაბამო ბრალდების წარდგენით, რათა სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის შესაბამისი ბრალის წარდგენისას ხანდაზმულობის ვადის გასვლის თანმდევი შედეგები თავიდან ყოფილიყო აცილებული შესაძლოა პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდეს, რასაც სასამართლოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა უნდა მოჰყვეს - ნათქვამია დოკუმენტში.
ასეთი ჩანაწერით საერთაშორისო ექსპერტმა პირდაპირ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივ დევნას ბიზნესმენების წინააღმდეგ ბოროტად იყენებენ, თუმცა რა მიზეზით, ამაზე არ საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკური ქვეტექსტების წაკითხვა პოლიტიკოსების საქმეა.
საერთაშორისო ექსპერტი "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" კონკურსის გზით შეარჩია. კვლევაზე მუშაობის პერიოდში ის თბილისშიც იყო ჩამოსული და ყველა მხარეს ესაუბრა, ერთადერთი უწყება ვინც საერთაშორისო იურისტთან შეხვედრაზე უარი თქვა, გენერალური პროკურატურაა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ აღნიშნულ დასკვნას საქმის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია.
თიბისი ბანკის საქმეზე ბრალდებულების იურისტები დასკვნას უკვე გაეცნენ. ამბობენ, რომ კვლევა მათ პოზიციასთან თანხვედრაშია და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში დანაშაულის ნიშშები არ არსებობს. ადვოკატებისთვის 25 გვერდიანი დოკუმენტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის თავია, სადაც ექსპერტი სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს.
თავად ბრალდებულებისთვის კი ეს დოკუმენტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მათ მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი მიმდინარეობს, რომლის უკანაც ქვეყნის არაფორმალური მმართველი დგას. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღესაც ამტკიცებენ რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ანაკლიის პორტია.
ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის საქმის სასამართლო განხილვა შეჩერებულია. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ განსაზღვრული არაა, თუმცა ცნობილია რომ პირველივე სხდომაზე დაცვის მხარე საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დოკუმენტის მტკიცებულებად დართვას მოითხოვს.