სუს-ის ესკორტი "სიკვდილის გზაზე" - სავარაუდო ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

სუს-ის სამი ავტომობილი 112-ის ქუჩის სათვალთვალო კამერამ გასულ წელს გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, ზურაბ ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მანქანა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს არის ადევნებული.

იმის დასტურად, რომ ეს შემთხვევითობა იყო, შავნაბადას ბაზაზე სამი ავტომობილის შესვლის კადრები სუს- მა საქმეში მტკიცებულებად ჩადო.

კადრები "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა და მთავარი კითხვა სწორედ აქ გაჩნდა - ვიდეო მასალაში არ არის ასახული დრო და საეჭვოა მისი გადაღების რაკურსიც, სავარაუდოდ, დადგმულია. 

"მთავარმა არხმა" კიდევ ერთხელ გაიარა გზა ფონიჭალიდან იმ ადგილამდე სადაც სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იმყოფებოდა . 

საკალმახე ადმირალში, სადაც მოწმეთა გამოკითხვით დგინდება რომ თამარი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, გაირკვა, რომ პერსონალი სრულად შეცვლილია, დაცვის უფროსმა კი ქვეყანა დატოვა. გვითხრეს რომ კამერები დიდი ხანია არ მუშაობს. 

საქმის ადვოკატიც  და ჟურნალისტი ელისო კილაძეც, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეს წელია იძიებს ამბობენ, რომ თამარს გზა აებნა. სავარაუდოდ ის დახურულ საკალმახე ალგეთში უნდა მისულიყო და ძებნისას,  ადმირალში შემთხვევით მოხვდა. პოლიციამ ვიდეო მტკიცებულებები გააქრო. 

საკალმახე ალგეთი ახლა საბოლოოდ დახურულია. მეპატრონე რამდენიმე კვირის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკეტილია დაცვის ის ჯიხურებიც, სადაც ადვოკატებმა უცნობი პრეპარატების ანოტაცია იპოვეს და სადაც ოჯახმა ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა . 

ოჯახი დარწმუნებულია რომ თამარ ბაჩალიაშვილს მკვლელობის მიზნით სწორედ ამ დახურულ უკაცრიელ ადგილზე სხვადასხვა სახის პრეპარატები იძულებით მიაღებინეს და შემდეგ გარდაცვლილი მაწევნის ტყეში ღამით მაშინ აიყვანეს, როცა სოფლებში რამდენიმე საათით შუქი ჩაქრა .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი