სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალი" დატოვა! სამეფო კლუბში ესპანელმა მცველმა 16 სეზონი გაატარა და 22 ტიტული მოიპოვა.
რამოსი ანდალუსიელია - აქვს ძალიან რთული ხასიათი და სახიფათო ჰობი, რომლის გამოც ფეხბურთის მიტოვებასაც კი აპირებდა. სერხიოს ხარები და მათთან ბრძოლა იტაცებდა.
ფეხბურთი, რომ არა აუცილებლად მატადორი გავხდებოდი. სიკვდილის პირისპირ ბრძოლა განსაკუთრებული ადრენალინია და ეს პროცესი ძალიან მხიბლავს, - განაცხადა რამოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ერხიო რამოსი მადრიდის რეალს 2005 წელს სევილიიდან, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელისთვის რეკორდულ ფასად, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. რამოსზე დიდი ზეწოლა დაიწყო. ყველაფერი ისე იყო, როგორც რეალს მაშინ სჩვეოდა - თინეიჯერს ფერნანდო იეროს 4-ნომრიანი მაისური გადასცეს და გუნდის დაცვითი პრობლემები მოგვარებულად ჩათვალეს.
სერხიოს ზინედინ ზიდანის, რაულის, ფიგუს და სხვა დიდი ვარსკვლავების გვერდით უწევდა ვარჯიში. საფეხბურთო ზენიტში მყოფს, ალბათ სრული კონცენტრაცია ფეხბურთზე უნდა მოეხდინა, მაგრამ ის თავისუფალ დროს ხარებთან ატარებდა. ჰობის გამო მას 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწია - დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. მადრიდის რეალში ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდეგ კი, ის მთავარ გუნდს 4-ჯერ ჩამოაშორეს. დონ ფაბიო ვერანაირად ვერ აიტანდა ფეხბურთელის სახიფათო გასართობს. ამის გამო რეალში სერიოზული კონფლიქტი მწიფდებოდა და ესპანური პრესა სერხიოს გუნდის დატოვებასაც უწინასწარმეტყველებდა.
"დონ ფაბიოს ჩემს ცხოვრებაში დიდი გავლენა აქვს. ახალგაზრდა ვიყავი და მოვლენებს სერიოზულად არ აღვიქვამდი. მეგონა, არაფერს არ ვაშავებდი, თუმცა მწვრთნელმა გამომაფხიზლა. მივხვდი, რომ ერთ დღესაც არ გამიმართლებდა და შეიძლებოდა ჩემი საოცნებო კარიერა დასრულებულიყო. მე ფეხბურთი ავირჩიე და ამან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება მომიტანა," - განაცხადა რამოსმა პრესასთან საუბარში.
მას შემდეგ სერხიო რამოსი კორიდაზე არავის უხილავს. გულშემატკივრის რანგში კი ხარებთან ბრძოლას ხშირად ესწრება. დარჩა მხოლოდ ტრადიცია - ყოველი მოგებული ტიტულის შემდეგ სერხიო მოედანზე ხარებთან ბრძოლის იმიტაციას აკეთებს.