შეწყვიტეთ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლოს დაკომპლექტება - NGO-ები იუსტიციის საბჭოს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ეხმაურებიან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს. 

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში  მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ", - წერია NGO-ების განცხადებაში.

NGO-ები ამბობენ, რომ ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე.

"მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები", - წერია განცხადებაში.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი