სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა გააკეთეს წლების განმავლობაში იმისთვის, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საფრთხეები აღარ არსებობდეს.
ამ თემაზე მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს თქვა. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებია ლგბტ თემს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში ხელი ეშლებათ.
"მე ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული. ჩვენ არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები, თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანოები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, საფრთხეების შესახებ წინასწარაა გაცხადებული და ელოდებიან, რომ სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების გამოხატვის უფლების დაცვას.