"მოსამართა კანდიდატების დასახელება და გაყვანა, სანამ სასამართლო რეფორმების პაკეტი არ იქნება შემუშავებული პარლამენტის მიერ, ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმების სულკისკვეთებას" - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე პირველ განცხადებას აკეთებს.
კელი დეგნანისთვის, გაუგებარია რატომ არ სურთ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება და დამოუკიდებლობა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან გაწბილებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესი დააჩქარა. ეს ნამდვილად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. მართლმსაჯულება მთავრობის ერთ-ერთი განშტოებაა და რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ სურთ მათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაძლიერდეს და უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ჩვენ 25 წელია რაც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს პროცესია და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი. ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია, ერთგულები დარჩებიან 19 აპრილის შეთანხმებისა. ეს მოიცავს მოსამართლეების დანიშვნასაც და თუ კანდიდატები საბოლოოდ დამტკიცდა, ეს შეკითხვებს წარმოშობს. განცხადებები, რომ, თუ ეს კანდიდატები არ დამტკიცდა, სასამართლო სისტემა ჩამოიშლება, არის უსაფუძვლო. საქართველოში არსებობს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები საიმისოდ, რომ პაუზა მოხდეს დანიშვნის პროცესში. კანდიდატების დასახელება და გაყვანა მანამ, სანამ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართება, სანამ რეფორმების პაკეტი იქნება შემუშავებული პარლამენტის მიერ, ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს" - ამბობს კელი დეგნანი.
დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს დაუყოვნებლივ შეაჩერებს, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრული და ამომწურავი დისკუსია არ გაიმართება.
იუსტიციის საბჭომ 46 მოსამართლე საერთო სასამართლოებში 17 ივნისს დანიშნა.