11 დაკავებული, რომელთა სახელებიც არავის უნდა გაეგო, მაგრამ მათი ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითონვე გაამხილა ისე, რომ ამას ვერც კი მიხვდა. სამაგიეროდ, მიხვდა ჩვენი ჟურნალისტი დავით აბრამიშვილი.
დათოს აქვს თვისება, დაინახოს ის, რაც ყველას თვალწინ დევს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს - ახლაც ასე მოხდა და ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ადამიანების მოტყუებისთვის და მილიონობით თანხების მოპარვისთვის მსჯავრდებული და დაკავებული ადამიანების ვინაობა. პოლიციას ასევე გაეპარა დაზარალებულთა პირადი მონაცემები. საუბარია ისევ იმ ტიპის ქართულ კომპანიებზე, რომლებიც უცხოელებს თაღლითურად სძალავენ თანხებს. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილიც, დიდი ალბათობით, სწორედ ასეთ კომპანიაში მუშაობდა.
ჩვენს ხელთ აღმოჩენილი სახელებით უკვე ბევრი სხვა საიდუმლო და საეჭვო კავშირიც გამოვლინდა - დათო აბრამიშვილს ფარულად დაეკონტაქტა ადამიანი, რომელიც პირადად მუშაობდა ასეთ თაღლითურ კომპანიებში, მათ შორის, ერთ-ერთ დაკავებულთანაც.
ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის კვალს, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ უწყებებამდე მივყავართ - გარკვეული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, მოპარული მილიონების გასათეთრებლად კომპანიები ინტენსიურად იყენებენ სპორტულ ფედერაციებს, სადაც დიდი ფული ტრიალებს.
შესაძლოა, ამ თანხების სოლიდური ნაწილი სწორედ მოტყუებული უცხოელებისთვის წართმეული შავი ფულია.
დათო აბრამიშვილის სიუჟეტი: "მოპარული მილიონების გამთეთრებლები"