კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლო სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი წინაპირობა იყო ძირეული რეფორმებისთვის, თუმცა 9 წლის განმავლობაში პოლიტიკური ნების არარსებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ქართული კონტექსტისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან გამკლავება ვერ უზრუნველყო.
კერძოდ, განცხადებაში საუბარია სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე, რომლის შედეგადაც სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა, რომელიც სისტემას არა მართლმსაჯულების, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად მართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემა ცვლილებებს საჭიროებს.
კოალიცია წერს, რომ სასამართლო რეფორმისთვის შემდეგი ნაბიჯებია საჭირო:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო - პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე უნდა აირჩიოს 5 არამოსამართლე წევრი, რომლებიც იქნებიან მიუკერძოებლები, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები. ასევე მნიშვნელოვანია მათ მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა.
- მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურა - საბჭო ამ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ორმაგი 2/3-ის პრინციპით (ამ პრინციპის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა). კონსენსუსის ლოგიკა უნდა გაძლიერდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ეტაპზეც. უნდა შემოვიდეს ბილატერალური დანიშვნის პრინციპი. ეს ოპოზიციის თანხმობის გარეშე საკასაციო ინსტანციის დაკომპლექტებას გამორიცხავს;
- კლანური მმართველობის პოლიტიკური შეფასება პარლამენტის მიერ - უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას კლანური მმართველობის შესახებ, რომლის საფუძველზეც პარლამენტის მიიღებს რეზოლუციას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ;
- სისტემის განახლება - მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურების რეფორმისა და პარლამენტის მიერ კლანური მმართველობის შეფასების შემდეგ, საჭირო გახდება არსებული მოსამართლეების ნაწილისთვის (რომლებიც უსამართლო წესით დაინიშნნენ თანამდებობაზე) ნდობის ხელახლა გამოცხადება შეცვლილი რეგულაციით და მაღალი კონსენსუსით.