დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ პირებს, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ დოზაზე იყო დარეგისტრირებული და მისი არქონის გამო ვერ იცრება, NCDC ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინას შესთავაზებს და თუ მათ სურვილი ექნებათ, ამ ვაქცინებით აცრა შეეძლებათ.
ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ ის პირები ვინც, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს და მათი იმუნიზაციიდან 10-12 კვირა გავიდა, მეორე დოზითაც აიცრებიან, ვინაიდან მათთვის დოზების მარაგი არის.
რაც შეეხება პირებს, ვინც ასევე პირველი დოზა უკვე გაიკეთა და იმუნიზაციიდან 4-10 კვირა გავიდა, მათ ასტრაზენეკის ვაქცინის მიღებამდე მოცდა მოუწევთ.
"პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს ასტრაზენეკასი და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის"- თქვა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინების მიწოდების პროცესში გარკვეული შეფერხებებია, სწორედ ამიტომაა ქვეყანაში მისი დეფიციტი.