გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება, თუმცა ზუსტ დროს, როდის მოხდება შეწყალებული პირების გათავისუფლება, ვერ ასახელებს.
ბასილაია ვარაუდობს, რომ შესაბამისი აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაგზავნილია. ამის შემდეგ კი დაწესებულება ვალდებულია გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდეგ, პატიმრები გაათავისუფლოს.
ამ აქტის მიღებიდან მოკლე დროში მოხდება ორივე მსჯავრდებულის გათავისუფლება, - ამბობს ბასილაია.
ადვოკატი გამორიცხავს, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ოქრუაშვილი და უგულავა კარანტინში გადაიყვანონ, ვინაიდან ციხე ამჟამად ერთ–ერთი ყველაზე დაცული ტერიტორიაა, თუმცა მისი თქმით, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება "არაგონივრული" ნაბიჯი. ადვოკატს თქმით, ოპოზიციური ლიდერების ციხიდან დღესვე გამოსვლას, არც კომენდანტის საათი უშლის ხელს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საათის წინ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.