კომპანია "აგრო ინდუსტრიის" დირექტორი, ვაჟა გორდიაშვილი მოხისის მოსახლეობის პროტესტს პასუხობს და ამბობს, რომ მათ მიწები არ უნდა გადაეცეთ. გორდიაშვილის განმარტებით, მან მიწებზე გამოცხადებულ აუქციონში თანხა გადაიხადა, მოხისელებს კი კანონის უგულვებელყოფაში ადანაშაულებს.
რაც შეეხება, სოფელში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას, გორდიაშვილი ამბობს, რომ მოხისის მოსახლეობა მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
"არ არსებობს მათთვის არც კანონი და არც არაფერი. მხოლოდ მათ რომ უნდათ, ის არის მათი კანონი?! გამოდის ვიღაც მამუკა გვალიაშვილი და იძახის, რომ მე არ შემოვუშვებ ვაჟა გორდიაშვილს, თუ მოვა მოვკლავთ, მკვლელობა მოხდება, მკვლელი გავხდები, გადავბუგავ.
აუქციონში რომ მოიგებ, იქ რომელ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილობაზეა ლაპარაკი. უკაცრავად, რატომ უნდა გადაეცეს, ვინ არიან რა უპირატესობა აქვთ ჩემთან შედარებით. გამოცხადდა აუქციონი და ჩემი უპირატესობა, ჩემს მიერ დადებული ფასი იყო",- თქვა ვაჟა გორდიაშვილმა.
სპეცოპერაცია ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ მოხისში გუშინ, 23 ივნისს ჩატარდა. სამართალდამცველები ორი ადგილობრივის სახლში შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. ისინი ორი საათის განმავლობაში სახლებში იარაღს უშედეგოდ ეძებდნენ.
განჩინებას კი საფუძვლად, მანამდე გაკეთებული სოფელ მოხისის მოსახლეობის განცხადებები ედო.