
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
არასამთავრობო ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის არჩევის პროცესს ეხმაურება და კლანურ მმართველობაზე წერს:
"კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს". - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
გამჭვირვალობის შეფასებით, მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესი საზოგადოების მხრიდან სრული უნდობლობის ფონზე წარიმართა და ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია
"ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა. ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები, ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას" - ნათქვამია გამჭვირვალობის განცხადებაში.