ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოქალაქეებს ურჩევს, როგორ მოიქცნენ დამწვრობის შემთხვევაში:
გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებულ რისკს. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.
მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
- განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),
- გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.
დაიმახსოვრეთ:
- მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას
- არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები
მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
- ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.
- 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
- შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
- საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
- ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ ინდექსს (უი), რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.
- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
ვრცლად