ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი გარდაიცვალა.
მომხდარს საბერძნეთში საქართველოს საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბერძნეთის ციხეში მომხდარი ინციდენტი სიმართლეა და მოქალაქის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახს უკვე აცნობეს.
"აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.