როგორც ჩანს "ხარება და გოგიას" სცენარით და მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მეთოდებით მუშაობს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დასაკავებლად. იგულისხმება ის სცენა, როდესაც ჟანდარმი ხარებას უდანაშაულო ძმას იჭერს იმისთვის, რომ მისი გამოყენებით თვითონ ყაჩაღი ჩაიგდოს ხელში, რომლის აყვანასაც სხვანაირად ვერ ახერხებენ.
უკვე რამდენიმე თვეა, ციხეში ზის ბანკის მძარცველის ძმა, ბიძინა ესებუა - მას აბრალებენ მალვაში მყოფი დამნაშავე ძმის დახმარებას და მის მომარაგებას იარაღით.
ოფიციალური ვერსიით, ის დააკავეს სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს, ძმასთან იარაღი მიჰქონდა, მაგრამ პირველად ნახავთ ბიძინა ესებუას დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ გამოდის ის მაღაზიიდან ნაყიდ ნივთებთან ერთად, ჯდება მანქანაში და აგრძელებს გზას.
მაღაზიიდან ორი წუთის სავალზე მას აპატიმრებენ, ოღონდ დაკავების ოქმის მიხედვით, ამ ორი წუთის გზას ესებუამ, ლამის, ერთი საათი მოანდომა - ეს სრულიად არარეალისტური ვარაუდია.
და მაღაზიაში ნაყიდი ნივთები, დაკავების დროს, გაუგებრად, ავტომობილის სრულიად სხვა ნაწილში აღმოჩნდება; რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამომძიებლების მიერ აღწერილი ფაქტები რეალობას არ ასახავს.
საკითხავია ისიც, საიდან და როდის გაჩნდა მანქანაში იარაღი და როგორ აღმოჩნდა ყველა საეჭვო ნივთზე ბიძინა ესებუას გენეტიკური კვალი.
ოჯახი აცხადებს, რომ ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და მისი დაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად მისი ძმა, ბადრი ესებუა გამოიტყუოს მალვიდან.
გიორგი გვიშიანის სიუჟეტი - "სასჯელი ძმის დანაშაულისთვის"