დღეიდან კომენდანტის საათი უქმდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 30 ივნისიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან გაუქმდება.

გადაადგილებაზე შეზღუდვა თითქმის 8 თვე, უფრო ზუსტად კი, 230 დღე მოქმედებდა.

"ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. ამას კი, მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებდა. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.

2020 წლის 9 ნოემბერს კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ.

მთავრობამ გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მიეცათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა - დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს და კომენდანტის საათიც არაერთხელ დაარღვიეს, "ოცნების" ხელისუფლებას მისი მოხსნა არ უჩქარია - მან მხოლოდ შეზღუდვის დრო შეამცირა - ჯერ 21:00-დან 23:00-მდე გადაწია, შემდეგ კი 05:00-დან 04:00-მდე შეამცირა. შესაბამისად, ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 23:00-დან 04:00 საათამდე ჰქონდათ აკრძალული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი