ბიძინა ივანიშვილის ნათესავი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაცია საჩხერის ცენტრში ჩატარდა.
30 წლის ბესიკ ივანიშვილს 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. ახლაგაზრდა ბიზნესმენი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მეზობელია და მის ოჯახთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა.
ბესიკ ივანიშვილი ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იგებდა ტენდერებს იმერეთის რეგიონში და ოპოზიცია ხშირად საუბრობდა, რომ შესყიდვები სწორედ მის კომპანიაზე იყო მორგებული.
ბესიკ ივანიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი, სარგებლობს ივანიშვილის დის მფარველობით და 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანი კონკურენციის გარეშე იგებს ტენდერებს, დაფუძნებული აქვს ოთხი კომპანია და დაუსჯელობის სინდრომის გამო, ალბათ ჩათვალა, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება, - ამბობს გიგა შუშანია.
იმერეთში თუ რამე მსუყე და კაი ტენდერი იყო, ის იგებდა... როცა მფარველობას გრძნობ, ცა არ მიგაჩნია ქუდად და დედამიწა ქალამნად, აკეთებ იმას, რაც გაგიხარდება და გგონია, რომ შეგრჩება, - ამბობს გოგი წულაია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ივანიშვილს 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებულის მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი საპყრობილეს უახლოეს საათებში დატოვებს. გამოძიებამ უკვე გაჩხრიკა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი. სამართალდამცავებმა კომპიუტერი ამოიღეს.