ომბუდსმენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პროცესში მანამდე არ ჩაერთვება, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდება და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

"დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ 2019 წელს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა.

ომბუდსმენის შეფასებით, იმავე წელს არჩეული 14 ახალი მოსამართლიდან ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი