მკვლელობა ზესტაფონში | ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელია

გამოქვეყნდა:

პროკურატურა ზესტაფონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი. გამოძიება მას ცეცხლსასაროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას ედავება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას ედავება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს.

ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ, ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად, ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ, ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება",-ნათქვამია განცხადებაში.

ზესტაფონში მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. 31 წლის კაცი ტაბელური იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. 

თვითმხილველები "მთავართან" საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, იარაღის გასროლამდე კი რამდენიმე საათის განმავლობაში მათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ხმა ესმოდათ. 

გულის არეში დაჭრილი ვანო ბანთაცაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ზესტაფონის ფერომედში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით პაციენტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი