ქვეყანაში მეოთხე ტალღა გარდაუვალია - აანონსებენ ეპიდემიოლოგები. ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა დაინფიცირების გაზრდილი რისკის ქვეშაა.
სპეციალისტები მოითხოვენ, შემსუბუქებული რეგულაციების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბრამდე მაინც მოახერხოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრას.
მინისტრი კი სამ თვეში მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრას აანონსებს. გეგმების განხორციელებას ჯანდაცვის სამინისტრო მილიონი დოზა ჩინური ვაქცინით აპირებს, რომელიც ქვეყანაში, შეპირების თანახმად, ივლისის დასაწყისში უნდა შემოვიდეს.
სამინისტროში ირწმუნებიან რომ კონტრაქტი ორ მილიონზე მეტ დოზა ვაქცინაზე აქვთ გაფორმებული.
დღესვე გაირკვა რომ ზოგიერთ კლინიკაში აცრების შესანახი სამაცივრე სისტემები გამართულად არ მუშაობს, რის გამოც აცრების 700 -მდე დოზა მათ უკან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გააბრუნეს.
ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს მინისტრის ამბიციური გეგმა და იმუნიზაციის პროცესის ფორსირებულ რეჟიმში ჩატარება.
"მთავარ არხს" სამინისტროში პასუხობენ, რომ სახელმწიფო საიდუმლოებაა თითოეულ დოზა ვაქცინის ფასი.
ამ დრომდე ქვეყნაში სულ 315 450 დოზა ვაქცინაა შემოტანილი, აცრების ნაწილს კი ქვეყანა ისევ ელოდება. სავარაუდოდ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანას 158 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.
ზურა პეტროსიანი