ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა მუშამ, 29 წლის ბერიკა გულიაშვილმა, მაღაროს ცვლის უფროსი დაჭრა, ამის შემდეგ კი საგამოძიებო ორგანოში მივიდა და საჩხერის პოლიციის უფროსს სცემა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა გულიაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ახალგაზრდა გაბრაზდა და მას თავისსავე კაბინეტში ჯერ აგინა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საჩხერის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ისტორიას არ ახსოვს პოლიციის უფროსი საკუთარ კაბინეტში მოქალაქეს ეცემოს. ფაქტს რიგითი საჩხერლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მუნიციპალიტეტში დღეს ყველა საუბრობს.
დაჭრილი მაღაროელი ამ დრომდე ჭიათურის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები ამბობენ, რომ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მას გუშინვე გაუწიეს.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, პოლიციაზე თავდასხმა და განზრახ მკვლელობის მცდელობა.