
სახალხო დამცველი 5 ივლისს თბილის პრაიდის მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება და შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაატარონ ღონისძიებები, რომელიც მარშის მონაწილეების უფლებებს დაიცავს.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები.
"ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია.