
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლყაში მცხოვრები, კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს.
ბადუაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში გუშინ აიყვანეს. მას საგამოძიებო უწყება 236-ე მუხლს ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ცნობილია, რომ სასამართლო პროცესი თბილისში გაიმართება.
მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მის სახელს რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის 2020 წლის თებერვალს გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მომხდარი სროლის ფაქტი, რა დროსაც დაუდგენელმა პირმა, კლინიკის მიმართულებით სწორედ იმ პალატისკენ ისროლა, სადაც ბადუაშვილი მკურნალობის კურსს გადიოდა.
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის 25 მარტს მალხაზ ბადუაშვილს მეორედ თავს დაესხნენ. ავტომობილში მასთან ერთად კიდევ სამი კაცი იჯდა, მანქანა ავტომატით დაცხრილეს. სროლის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, ბადუაშვილი და კიდევ ორი დაჭრილები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით ჩუმლაყში მცხოვრები ალექსანდრე და ჯუანშერ ტურიაშვილები დააკავეს.
ამ შემთხვევიდან მალევე ბადუაშვილის კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა დაიწვა. მომხდარს ადგილობრივები შურისძიებას უკავშირებდნენ.
ავტორი: ია გულიაშვილი.