სახელმწიფო მიწების დაუფლება წოდორეთში - პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 1 270 073 ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ, ა.მ.-მ და ი.მ.-მ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მოტყუებით მიიღეს საკუთრების უფლება - კერძოდ, ე.მ. თაღლითურად დაეუფლა 413 544 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ა.მ. - 412 356 ლარად ღირებულ 8 000 კვ.მ, ხოლო ი.მ. - 444 173 ლარად ღირებულ, 8 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. საერთო ჯამში სახელმწიფოს მიადგა 1 270 073 ლარის ზიანი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 30 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- წერია უწყების განცხადებაში

პროკურატურის ცნობით, უწყების შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი