
კახეთის ერთ-ერთ სოფელში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 33 წლის ქალი მეზობელ კაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სავარაუდო მოძალადემ ის ძალის გამოყენებით, საკუთარ სახლში გადაიყვანა და გაუპატიურება სცადა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადე ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ქალს უთვალთვალებდა და პარალელურად ავიწროვებდა.
კაცი ახლა დაკავებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
"შენ წამოდიო მაჯაში ჩამკიდა ხელი, გამათრია გარეთ, უაზროდ ნასვამი იყო. მე ვერ გავაშვებინე ხელი, იმიტომ, რომ ამდენი ძალა და ენერგია არ მაქვს, რომ ამ პიროვნებას გავუმკლავდე. ოთახში რომ შემიყვანა, თუ შენ იმას არ გააკეთებ მე რაც მინდაო, ორივეს მოგკლავთ, შენც მოგკლავ და დედაშენსაც მოვკლავო, ანუ დამემუქრა. 5-10 წუთის მერე სამართალდამცავებიც მოვიდნენ", - ამბობს დაზარალებული ქალი.
სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობენ.
ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს ქალის დედა დაუკავშირდა, პოლიციამ კი სავარაუდო მოძალადე ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას ყველა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს.
ავტორი: ია გულიაშვილი.