ხელოვნურად გადატვირთული კლინიკები და არამიზნობრივი ხარჯი - ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურ მართვაში ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები ადანაშაულებენ. ექიმების თქმით, გაურკვეველი მიზეზით კლინიკაში ჯერ ხვდებიან და შემდეგ არასაჭირო მედიკამენტოზურ მკურნალობას ისეთი პაციენტები გადიან, ვინც რეალურად ვირუსს სახლის პირობებშიც მარტივად დაამარცხებს.
კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებიც ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ინფიცირებულს კლინიკაში მხოლოდ იმიტომ ტოვებენ, რომ მას მაღალი სიცხე აქვს.
ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი კლინიკებთან შეთანხმებით გარკვეულ ფინანსურ სქემაში არიან ჩართული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ პაციენტების ჰოსპიტალში მოთავსება ხშირად არამიზნობრივად ხდება, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრიც და ამირან გამყრელიძეც სრულ პასუხისმგებლობას ოჯახის ექიმებს აკისრებენ.
პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი 5 მილიარდი ლარიდან ვაქცინების შესაძენად მხოლოდ 17 მილიონი ლარი გაიხარჯა.
როგორ ნაწილდება დანარჩენი თანხა დეტალურ ანგარიშს სამინისტრო და მთავრობა ხალხს არ აბარებს. ხელისუფლება ასევე არ განმარტავს რა თანხა დაიხარჯა ვაქცინების ახალი დოზების შესაძენად.