
"სირცხვილია" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, მმართველი გუნდი და მასთან "გარიგებაში მყოფი მოსამართლეთა ე.წ. კლანი აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებისა და დამორჩილების პროცესს".
"ამის ფონზე მმართველი პარტიის განცხადებებიდან იკვეთება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებისა და დანიშვნის პროცესის შეჩერება არც საკანონმდებლო ორგანოს დონეზე იგეგმება. შარლ მიშელის ინიციატივით შედგენილი დოკუმენტის უგულებელყოფა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის საპარლამენტო სივრცეში გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების პოლიტიკური ნება. უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა არჩევა ამწვავებს სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისს, ამცირებს მის მიმართ მოქალაქეთა ნდობის ხარისხს და მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების რეფორმის პერსპექტივას", - წერს "სირცხვილია".
მოძრაობის წევრები პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არჩევის პროცესში.
ამასთანავე, საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ მხედველობაში მიიღონ სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ხელისუფლებისა და მოსამართლეთა ე.წ. კლანის პასუხისმგებლობის საკითხია და "ისინი მარტო დატოვონ ერთმანეთის პირისპირ".
მოძრაობა აცხადებს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ ემსახურება კანდიდატების კვალიფიკაციისა და მათი კეთილსინდისიერების შემოწმებას, ამიტომ პროცესში მონაწილეობით დემოკრატიის იმიტაცია არ უნდა შეიქმნას.