
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წინ 6 წლის წინ გარდაცვლილი რუსგენ ჩუხუას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიციის ყოფილ უფროსს, ზვიად კილასონიას, 6 წლიანი გამოძიების შემდეგ, გირაო შეეფარდა.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, რასაც ოჯახი აპროტესტებდა და მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. ზვიად კილასონიას 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახს მხოლოდ გუშინ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს რომ 6 წლის განმავლობაში საქმის მასალებზე წვდომა მათ არ ჰქონიათ.
ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის წინ, რობიზონ ჩუხუამ ზვიად კილასონიასგან ფული ისესხა, რისი დაბრუნებაც ვეღარ შეძლო. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ვალის გამო კილასონია ჩუხუას ემუქრებოდა.
ოჯახის მტკიცებით, იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, რობიზონ ჩუხუას ზვიად კილასონია და მისი სიძე მანქანით დაედევნენ.
მათივე თქმით, საკუთარი სახლის ჭიშკართან, ურთიერთშელაპარაკების დროს ჩუხუამ თავდაცვის მიზნით იარაღი ამოიღო, დაპირისპირების დროს კი გასროლილი ტყვია მოხვდა.
ზვიად კილასონიას ახლობლები კი ამბობენ, რომ რობიზონ ჩუხუას ბევრი მევალე ჰყავდა და თავი სწორედ ამის გამო მოიკლა.
რაც შეეხება პოლიციის ყოფილი უფროსის სიძეს გ.ჯ -ს , ის საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურას მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია.
ავტორი: ემა გოგოხია.