კანონის მოთხოვნა ჩვენთან ასეთია - ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი. მაგრამ თქვენ იცით, 90-იან წლებში მაგისტრატურა, როგორც ასეთი, საქართველოს განათლების სისტემაში საერთოდ არ არსებობდა. გაძლევდნენ უბრალოდ დიპლომს, ყოველგვარი ხარისხის გარეშე.
ამიტომ რამდენიმე ასეთი მოსამართლის დიპლომი განათლების სამინისტრომ არ მიიჩნია საკმარისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსამართლეებს უნდა გაევლოთ მაგისტრატურა და მოეპოვებინათ შესაბამისი ხარისხი. სხვანაირად მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ.
მაგრამ ამის ნაცვლად რა ქნეს ამ მოსამართლეებმა? სასამართლოში იჩივლეს, ანუ თავისსავე კოლეგებთან. და მათმა კოლეგებმა, ჰოი, საოცრებავ, დაასკვნეს, რომ სამინისტრო შეცდა და მოსამართლეების დიპლომები და განათლება საკმარისი ყოფილა; არანაირი მაგისტრატურის გავლა მათ არ სჭირდებათ... მარტივად გადაარჩინეს თავიანთი კოლეგები. მგელმა მგლის ტყავი არ დაგლიჯა.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეზე, რაზეც მუდმივად არის საუბარი - სასამართლოში მოქმედებს ნათესავებისა და მეგობრების ჩაკეტილი წრე, რომელშიც უცხო პირებს ამიტომაც არ უშვებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ - თუნდაც გაურკვეველი, შესაძლოა, გაყალბებული დიპლომიც კი საკმარისად აღიარონ კოლეგა მოსამართლეებისთვის.
ლაშა კვესელავას სიუჟეტი: "უდიპლომო" მოსამართლეები