უარი თქვით ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე - შსს თბილისი პრაიდს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდს მოუწოდებს ღია სივრცეში ღირსების მარშის გამართვაზე უარი თქვან. ამის მიზეზად უწყება ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციების მასშტაბურობას ასახელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე", - წერია უწყების განცხადებაში.

ამის პარალელურად, შსს მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც, რომლებმაც ქაშვეთიდან პარაკლისის შემდეგ კონტრაქციაზე გადაინაცვლეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი