
სახალხო დამცველი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს მართავს და ამბობს, რომ დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომლებიც გმირულად მუშაობდნენ. ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოძალადეების იდენტიფიცირება
"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ვინც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, წინა წლებში არცერთ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. მისი აზრით, სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები.
ცნობისთვის, დღეს არაერთხელ დაესხნენ თავს "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაზიანებულია ტექნიკა. დღის განმავლობაში ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.
ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.