
გვიან ღამით დასრულდა 5 ივლისს თბილისში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვა პოლიციაში. დაშავებულებმა გამოძიებაზე მათზე თავდასხმის დეტალები გაიხსენეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან, ვინაიდან მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა სწორედ, ხელისუფლებისგან არის წახალისებული.
ამას გარდა, ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან "პალიტრა ნიუსისა" და "ტვ პირველის" ოპერატორები, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება "ფორმულას" ფოტოგრაფიც. ექიმების თქმით, მათ ძირითადად სახის ძვლების მოტეხილობა და თვალისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.