შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან - 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ.
მათ შორის ორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "მთავარი არხის" ოპერატორს მიაყენა.
"გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს",- წერია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.