5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული სამივე ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. მოძალადე რადიკალები ამბობენ, მედიის წარმომადგენლებს ხელი აღელვების ნიადაგზე მოუქნიეს, მაგრამ ისინი "არავისთვის საშიში არ არიან".
"გადასული იყვნენ შეურაცხყოფაზე, მე იქ აქციაზე არავის არ ვიცნობდი, არავისთან ერთად არ ვიყავი, ვიყავი მარტო. გამოვედი მდგომარეობიდან და ნამდვილად ხელი მოვუქნიე, მე ამას ვაღიარებ და ჩემი ხელის მოქნევასთან დაკავშირებით მზად ვარ, პასუხი ვაგო. ამის იქით მე არაფერი გამიკეთებია არც ვინმეზე ძალადობა, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ სადმე დავფიქსირდები, რომ რამეს ზედმეტად ვაკეთებდი, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო. მე აღელვების ნიადაგზე მოვუქნიე ხელი, ძალადობას არ ვახორციელებდი, არ ვძალადობ და არც არავისთვის საშიში არ ვარ",- ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
კიდევ ერთი რადიკალი მოძალადე ამტკიცებს, რომ ძალადობა სამშობლოს სიყვარულის გამო ჩაიდინა.
"ვარ 2004 წლის ომის მონაწილე, მოგეხსენებათ, პუტინის მონას რომ გიწოდებენ, 2004 წლის ომის მონაწილეს, აღელვებიდან გამომდინარე, ხელი სწრაფად მოვიქნიე. ფიზიკურად პირადად არც ჟურნალისტს არ შევხებივარ, არც კამერა არ დაზარალებულა. არანაირი მოძალადე არ ვარ, ვარ სოციალურად დაუცველი 2 შვილის მამა",- თქვა ინციდენტზე დაკავებულმა.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ.
მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
ამავე თემაზე: