
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.
გამოკითხულთა შორის იყო ფინანსური რისკებს შემფასებელი, რომელიც თანამშრომლობდა კომპანიებთან იმ პერიოდში, რომელზეც საქმეა აღძრული და თქვა, რომ ფულის გათეთრების სქემას ადგილი არ ჰქონია.
სხვაგვარად ფიქრობს ბრალდების მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ მათმა მოწმემ ხაზარაძე-ჯაფარიძეს "პირდაპირ დაადო ხელი", რომ გაიმართა შეხვედრა, სადაც საუბარი იყო სესხებისგან გათავისუფლებაზე და სწორედ მათ შეარჩიეს ობშორული კომპანია.
აბსურდის თეატრი - ასე შეაფასეს თავად თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა დღევანდელი პროცესი.
საქმეში არაფერი იცვლება სხდომიდან სხდომამდე. პირიქით, ემატება პროკურატურის მოწმეების რაოდენობა, რომლებიც საჩვენო ჩვენებას აძლევენ, ანუ ბრალდების საწინააღმდეგოდ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.