ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამინისტროს პედიატრიული საწოლების დამატება მოუხდა. გაბუნიას განმარტებით, ეს ბავშვებში ინფექციის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ 200-მდე პედიატრიული საწოლი გადატვირთულია.
"გასული 2-3 დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა არის ვაქცინაციის პროგრამა",-თქვა თამარ გაბუნიამ.
დღეს, 13 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხევვა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.