გლდანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, შეყვარებულის ძმამ მოკლა.
შემთხვევა გლდანის მე-2 მიკროში გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სისხლის კვალი ამ დრომდე რჩება. უცნობია რა გახდა შელაპარაკების მიზეზი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არც დაჭრილი და არც სავარაუდო ბრალდებული ამ უბანში მანამდე არ უნახავთ. მათივე თქმით, გასროლის ხმა დაახლოებით, ღამის 10 საათზე გაიგეს, ეზოში ჩასულებს კი დაჭრილი კაცი დახვდათ. სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.
პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრა ადგილიდან მიიმალა ის ცოტა ხნის წინ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.