ოჯახური კონფლიქტი, ძალადობა ქალზე და ეჭვიანობა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი ხდება- გლდანში, მეორე მიკრორაიონში, გუშინ გვიან ღამით 35 წლამდე მამაკაცი გეგი ნიგურიანი საცოლის ძმამ, გეგი ღვარჩლიანმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევ გეგი ღვარჩლიანს პრობლემა დის მეორედ ქორწინებაზე ჰქონდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ სროლას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. გასროლის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი მიიმალა.
წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები გარდაბნის სოფელ ლემშვენიერადან არიან.
გეგი ღვარჩლიანი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.