
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, როინ კახაძემ გაამართლა გოგო, რომელიც ბათუმის ბულვარში პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააჯარიმა, მან კი პოლიციის მტკიცებით, დაწყევლა.
"მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა" - ამბობს მერი მამუკაშვილი "ბათუმელებთან".
შემთხვევა ბათუმის ბულვარში 15 მაისს მოხდა. პოლიციელებმა მამუკაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მათივე თქმით, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა.
"ვუთხარი, ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ-მეთქი. ეს მიიჩნიეს პოლიციელებმა ჩემგან წყევლად. მოსამართლემ ვერ გაიგო, რატომ იყო წყევლა ის, რაც ვთქვი" - ამბობს მერი მამუკაშვილი.
მერი მამუკაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც მოიცავს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას.