ახალი სკანდალი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით - აჩუქა თუ არა ლიეტუვამ საქართველოს 5 ათასი დოზა ფაიზერი და სად გაქრა ეს საჩუქარი? "მთავარი არხის" ინფორმაციით, ვაქცინის დოზები საქართველოს სწორედ ლიეტუვამ აჩუქა, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ საგანგებო ჩარტერული რეისით ჩამოიტანეს. თუმცა პრეპარატი ამ დრომდე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რატომ არ დაარეგისტრირეს ბაზაში უცნობია.
ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ - ამირან გამყრელიძის თანაშემწე ამბობს, რომ არც მას და არც ცენტრის ხელმძღვანელს, ლიეტუვას ნაჩუქარ ვაქცინაზე არაფერი სმენია. ხელისუფლების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები კონკრეტულ განმარტებებს ამ კულუარულ ინფორმაციაზე ვერ აკეთებენ და არც იმ ფაქტს აღიარებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ისევ ვერ ხერხდება.
ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფიცირების და სიკვდილიანობის შემთხვევები და სპეციალისტები ხელისუფლების ლიდერებთან ერთად სულ უფრო აქტიურად განიხილავენ ახალი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას.