
საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლ.ბ-ს და "რუსთავი 2"-ის ოპერატორ ბ.ა.-ს, მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ი.წ.-ს და უ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ი.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორ ლ.ბ.-ს, ხოლო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე უ.დ. და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ მედია ჰოლდინგ "რუსთავი 2"-ის ოპერატორ ბ.ა.-ს. ბრალდებულები და მათთან ერთად მყოფი პირები ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ ოპერატორებს, რათა დაზარალებულების მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
სამართალდამცველებმა ი.წ. 19 ივლისს, ხოლო უ.დ. 20 ივლისს დააკავეს",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.