საქართველოში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპის გამო, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტი, რომელსაც ხელს 21 მედიკოსი აწერს, სპეციალისტებმა "რადიო თავისუფლებას" მიაწოდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის დაბალი დონე, ვირუსის მუტაციის ალბათობას ზრდის, COVID- 19-ის ახალი ტალღის შეჩერება და ინფიცირების დონის დაქვეითება კი მხოლოდ აქტიურ იმუნიზაციას შეუძლია. სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიყენონ ნებისმიერი, ხელმისაწვდომი ვაქცინა, რომელიც ამჟამად ავტორიზებულია. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისა და დაავადების მძიმე ფორმებისგან, რაც დასტურდება მინიმუმამდე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებელით, უკვე გაკეთებული 3.5 მილიარდი აცრის მონაცემებით.
ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაში.
გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება.
აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს და იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა.
ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებს, არის დეზინფორმაცია.
რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნა, რაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, თუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებას".
მიმართვის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებს უპასუხონ. მიმართვას ხელს აწერენ: