"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო

გამოქვეყნდა:

კომპანია "აიისამ" საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა და კონვენციის მე-10 მუხლის, ანუ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

ფაქტი "მთავარი არხის" ვებ-გვერდს იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ დაუდასტურდა.

"სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი", - აღნიშნავს სასამართლო.

დავა ეხებოდა 4 დიზაინის პრეზერვატივს, მათ შორის თამარ მეფისა და "ძლევაი საკვირველის" გამოსახულებით.

ცნობისთვის, 2018 წლის თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივებზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკური იყო და შეიცავდა რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი