
პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. აღნიშნული ქმედებებით მათ ჯამი 48 900 ევროს ( 151 416.9 ლარის) ლეგალიზაცია მოახდინეს.
გამოძიებით დადგინა, რომ თანხის დაუფლების მიზნით ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში ჩეხეთში მოქმედ ბანკში გახსნა.
"ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე", - წერია უწყების განცხადებაში.
ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.