
პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს ტვ პირველის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულ გ.გ-ს ბრალი ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება",-ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ გ.გ 23 ივლისს დააკავა, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის 6 პირია დაკავებული, მათ შორის 5-ს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა TV პირველის ოპერატორს, "სირცხვილიას" ოფისთან, სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.