
ზუგდიდის სასამართლო მამა-შვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ზაურ კვიკვინიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. დაკავებულის ადვოკატები საქმეზე 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) საქმის წარმოებას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით, მუხლი, რომელიც პროკურატურამ დაკავებულს წაუყენა, არასწორია, ვინაიდან სროლის შედეგად გარდაცვალების ფაქტი უკვე დამდგარია, პროკურატურა კი დაკავებულს ფორმულირებაში მცდელობას ედავება.
ადვოკატების თქმით, პროკურატურის მხრიდან ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან დაკავებულს სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმსაჯულებმა განიხილონ, თუმცა მუხლი, რომლითაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს, ნაფიცმსაჯლუთა განხილვას არ ექვემდებარება.
თავად დაკავებული ამბობს, რომ მას განზრახული ჰქონდა ნივთის, ამ შემთხვევაში მანქანის, დაზიანება. მისი თქმით, განზრახული არ ჰქონია მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა. კვიკვინია ამბობს, რომ როცა ის ბენზინგასამართის ღია ფოიეში შევიდა, მას მამა-შვილი წინ დახვდა, თუმცა იარაღი არ გამოუყენებია. მისივე თქმით, მან იარაღი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დაჭრილსა და გარდაცვლილს მანქანაში შეჭრა სურდა.
ბრალდებული ამბობს, რომ ის იარაღის გამოყენების პერიოდშივე ითხოვს, რომ მამა-შვილი სიტუაციას განერიდებინათ, თუმცა მათი მხრიდან წინააღმდეგობა გაგრძელდა, რა დროსაც დაკავებულმა მიზანმიმართული გასროლა განახორციელა. კვიკვინია გასროლას აუცილებელი მოგერიებით ხსნის,
გუშინ, 24 ივლისს დაცვის მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ დაკავებული ხელმეორედ დაიკითხოს, თუმცა უწყებამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
კვიკვინია სასამართლო პროცესზე მისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევასი კი ამბობს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობას დაიწყებს.
ავტორი: ემა გოგოხია