
ზუგდიდში, მამა-შვილზე თავდასხმისთვის დაკავებულ ზაურ კვიკვინიას აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 სექტემბერს ჩაინიშნა.
როგორც დაკავებული პროცესის დაწყებამდე ამბობდა, მას განზრახული ჰქონდა ნივთის, ამ შემთხვევაში
მანქანის, დაზიანება. მისი თქმით, განზრახული არ ჰქონია მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა. კვიკვინია ამბობს, რომ როცა ის ბენზინგასამართის ღია ფოიეში შევიდა, მას მამა-შვილი წინ დახვდა, თუმცა იარაღი არ გამოუყენებია. მისივე თქმით, მან იარაღი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დაჭრილსა და გარდაცვლილს მანქანაში შეჭრა სურდა.
ბრალდებულის თქმითვე, ის იარაღის გამოყენების პერიოდშივე ითხოვს, რომ მამა-შვილი სიტუაციას განერიდებინათ, თუმცა მათი მხრიდან წინააღმდეგობა გაგრძელდა, რა დროსაც მიზანმიმართულად გაისროლა. კვიკვინია გასროლას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
გუშინ, 24 ივლისს დაცვის მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ დაკავებული ხელმეორედ დაიკითხოს, თუმცა უწყებამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
კვიკვინია სასამართლო პროცესზე მისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევასი კი ამბობს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობას დაიწყებს.
ავტორი: ემა გოგოხია